ახალი საბაკალავრო პროგრამა |
![]() |
ბიოლოგიური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამების
დარგობრივი სტანდარტული დებულებები
(სამუშაო ვერსია)
წინასიტყვაობა
წინამდებარე დარგობრივი სტანდარტული დებულებები შემუშავდა ტემპუსის პროგრამის ერთობლივი ევროპული პროექტის (JEP) – “ახალი კურიკულუმი გამოყენებითი ბიოლოგიური მეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის დარგში” – ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საერთაშორისო კონსორციუმის მიერ, რომელშიც გაერთიანებულია ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტი, დუბლინის ტექნოლოგიების ინსტიტუტი და სალონიკის არისტოტელეს სახ. უნივერსიტეტი.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტი არ ითვალისწინებდა ბიომეცნირებების დარგის ზოგადი სტანდარტული ორიენტირების შემუშავებას, მუშაობის პროცესში წარმოიშვა წინამდებარე დოკუმენტის შექმნის აუცილებლობა. აღნიშნული დოკუმენტი, როგორც საბაზისო დებულებათა ნაკრები, გამოყენებულ იქნა ახალი საბაკალავრო პროგრამის – “გამოყენებითი ბიოლოგიური მეცნიერებები და ბიოტექნოლოგია” – შესამუშავებლად.
დოკუმენტი მომზადდა ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებიმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის მიერ თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის აქტიური მხარდაჭერით, აღნიშნული სამსახურის მიერ მომზადებული ინსტრუქციებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით.
წინამდებარე დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა. ტემპუსის პროექტის სამუშაო ჯგუფი იმედს გამოთქვამს, რომ დოკუმენტი ფართო დისკუსიის საგანი გახდება და მის განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც დარგის სპეციალისტები, ისე მარეგულირებელი სამსახურების წარმომადგენლები და ყველა დაინტერესებული პირი. წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით გაკეთებული ჩასწორებების შემდეგ დოკუმენტი მიიღებს დასრულებულ სახეს. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი ტიპის მარეგულირებელი დოკუმენტის შემუშავება გარკვეულ სარგებლობას მოუტანს საქართველოში ბიოლოგიური მეცნიერებების დარგში ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი პროგრამების შექმნისა და განვითარების საქმეს.
ბიოლოგიურ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამების
დარგობრივი სტანდარტული დებულებები


geo





