ახალი საბაკალავრო პროგრამა
"გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია"

 

ღია კარის დღე

8 დეკემბერი, 2009, თბილისი

 

2009 წლის 8 დეკემბერს თსუ XI კორპუსში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთათვის  გაიმართა ღია კარის დღე. სტუდენტებს მთელი დღის განმალობაში ჰქონდათ საშუალება, რომ ენახათ პროგრამის სარეკლამო ვიდეო–რგოლი, გასაუბრებოდნენ „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია“ პროგრამაში მონაწილე აკადემიურ პერსონალს, დაეთვალიერებინათ ლაბორატორიები და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. დღის ბოლოს გაიმართა  პროგრამის შემაჯამებელი პრეზენტაცია. შეხვედრას დაესწრნენ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფ. რ.ბოჭორიშვილი და მოწვეული სტუმრები, რომელთა შორის იყვნენ Tempus-ის პროგრამის ეროვნული კოორდინატორი ლ.ღლონტი, ფაკულტეტის ადმინიტრაციული სამსახურის წარმომადგენლები, ბიოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები, გაზეთ „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ კორესპონდენტები და სხვები.

პროექტის კოორდინატორმა და პროგრამის ხელმძღვანელმა, დოქტ. ნინო ინასარიძემ სტუდენტებს გააცნო პროგრამის შექმნის ისტორია მიზანი და ამოცანები; პროექტის კოორდინატორმა ყურადღება გაამახვილა ახალი პროგრამის ინოვაციურ მხარეებსა და მიდგომებზე, რაც გულისხმობს  ახლებურ, ბაზრის მოთხოვნებზე დამყარებულ სწავლებას; სასწავლო საგნების მსხვილ მოდულებად გაერთიანებას; თანამედროვე ლაბორატორიულ–პრაქტიკული ტექნოლოგიების სწავლებას; სტუდენტთა დროებით დასაქმებას (პროფესიულ პრაქტიკას) სწავლის პერიოდში და ა.შ.

ნ.ინასარიძემ აღნიშნა, რომ კურსდამთავრებულთა შემდგომი დასაქმების მიზნით, პროგრამის ფარგლებში შეიქმნა ე.წ. მრჩეველთა საბჭო, მუდმივმოქმედი სტრუქტურა, რომელიც გააერთიანებს მომავალ დამსაქმებლებს ჯანდაცვის, კვებისა და აგრო ბიოტექნოლოგიების დარგში, მათი მოთხოვნები, შენიშვნები და წინადადებები გათვალისწინებულ იქნება სწავლების პროცესში, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სტუდენტთა პროფესიულ განვითარებას, მათ მიერ უნივერსიტეტში შეძენილი ცოდნისა და უნარ–ჩვევების გამოყენებას პრაქტიკულ საქმიანობაში. პროგრამის ხელმძღვანელმა დამსწრეთ ამცნო კიდევ ერთი სიახლის შესახებ – Tempus-ის გრანტის მოსაპოვებლად საკონკურსოდ წარდგენილი ახალი პროექტის,  გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის სამაგისტრო პროგრამის წარმატების შესახებ, რაც ბაკალავრიატის აღნიშნული სპეციალობით (აგრეთვე სხვა მომიჯნავე სპეციალობით) კურსდამთავრებულებს უქმნის შესაძლებლობას ამავე სპეციალობით გააგრძელონ სწავლა მაგისტრატურაში თსუ–სა და პარტნიორ წამყვან ევროპულ უნივერსიტეტებს შორის მრავალმხრივი ურთიერთთანამშრომლობის პირობებში.

პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრებმა ნ.დორეულმა და ე.ჩერქეზიამ ისაუბრეს პროგრამის სტრუქტურასა და შინაარსზე. მათ დამსწრეთ გააცნეს „გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის“ პროგრამის ფარგლებში შემუშავებული სამი (ჯანდაცვის ბიოტექნოლოგიის, აგრობიოტექნოლოგიისა და კვების ბიოტექნოლოგიის) ქვეპროგრამის ძირითადი ორიენტირები და ასპექტები, ისაუბრეს მეორად (minor) სპეციალობებზე, რომლებსაც ახალი საბაკალავრო პროგრამა შესთავაზებს ბიომეცნიერებებით და ბიოტექნოლოგიით დაინტერესებულ სხვა, მომიჯნავე სპეციალობის სტუდენტებს.

სტუდენტებს წარმოდგენილი საბაკალავრო პროგრამის დადებით მხარეებზე და კურსდამთავრებულთა მომავალი კარიერის პერსპექტივებზე ესაუბრნენ ფაკულტეტის დეკანი პროფ. რ.ბოჭორიშვილი, მორფოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი პროფ. დ.ძიძიგური, გენეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფ. თ.ლეჟავა, Tempus-ის პროგრამის ეროვნული კოორდინატორი ლ.ღლონტი, ბიოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები, აწ უკვე წარმატებული მკვლევარები და დარგის სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელები ბ.ლასარეიშვილი, ა.ცხვედიანი და სხვ.

ახალმა საბაკალავრო პროგრამამ სტუდენტებისა და დამსწრე საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია, მათ მადლობა გადაუხადეს პრეზენტაციის ორგანიზატორებს პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდების გამო.