ახალი საბაკალავრო პროგრამა
"გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია"

 

შეხვედრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

1 სექტემბერი, 2009, ბათუმი

 

2009 წლის 1 სექტემბერს შედგა შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც მიზნად ისახავდა  ტემპუსის პროგრამის დამუშავების პროცესში შეძენილი გამოცდილების გაზიარებას ბათუმელი კოლეგებისათვის, ბათუმის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროგრამული მიმართულებების გაცნობა, აზრთა ურთიერთგაცვლა და შეხედულებათა შეჯერება მომავალი საპარტნიორო ურთიერთობების გზების დასახვის მიზნით.

თსუ-ს Tempus სამუშაო ჯგუფის წევრებმა - ნინო ინასარიძემ, მაკა მურვანიძემ და ნანა დვალიშვილმა დეტალურად წარუდგინეს პროგრამა კოლეგებს. პროგრამის წარდგენას დაესწრნენ და მის განხილვაში მონაწილეობდნენ ბათუმის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები: დეკანი, პროფესორი რ. ხუხუნაიშვილი; ბიოლოგიის დეპარტამენტის ხელ-ლი, ასოც. პროფესორი     მ. ქორიძე; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოც. პროფესორი ლ. ახვლედიანი; პროფესორები ქ. დოლიძე და რ. ზოსიძე; ასოც. პროფესორები ნ. ზარნაძე, ე. ჯაყელი; ასისტ. პროფესორი ნ. ფალავანდიშვილი; აკადემიური დოქტორები ნ. ზოსიძე, ჟ. ჭითავა, ლ. ბერიძე, ლ. ჟღენტი; დოქტორანტი ს. გარაყანიძე.

ნ. ინასარიძემ დამსწრეთ გააცნო ახალი საბაკალავრო პროგრამა; მოკლედ ისაუბრა მისი შექმნის ისტორიაზე, ინოვაციურ მხარეებზე, ახალ მიდგომებზე, მართვის ახლებურ სტრუქტურაზე, სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიაზე და მიღწეულ შედეგებზე; განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო კურსდამთავრებულთა დასაქმების პერსპექტივებს.

მ. მურვანიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო პროგრამის სტრუქტურა; ისაუბრა მასში გაერთიანებულ სამ ქვეპროგრამაზე, საერთო და საკვალიფიკაციო მოდულებზე (მათ შორის, ინოვაციურზე); სტუდენტთა თავისუფალ და შეზღუდულ მობილობაზე, თსუ-ს პროგრამული დებულებით გათვალისწინებულ  სავალდებულო და თავისუფალ კრედიტებზე.

ნ. დვალიშვილმა ისაუბრა პროგრამის შინაარსზე, მოდულურ სისტემაზე დაფუძნებულ და ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებულ კურიკულუმზე, კომპეტენციების განვითარების პროგრესულ ხასიათზე, პროგრამის მოქნილობასა და ეკონომიურობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტთა პროფესიულ პრაქტიკას – დროებით დასაქმებას. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ თსუ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სხვა სპეციალობების სტუდენტთათვის პროგრამის ბაზაზე შეიქმნა minor საგნების რამდენიმე ბლოკი: კვების და აგროკულტურების ბიოტექნოლოგია, კლინიკურ დიაგნოსტიკაში გამოყენებული ტექნოლოგიები, ბიოფარმაკოლოგია, გარემოს დაცვა და ქცევათმეცნიერება.

ახალმა საბაკალავრო პროგრამამ დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. გაიმართა დისკუსია სწავლებისა და შეფასების ინოვაციური მეთოდების გარშემო. ბიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მ. ქორიძემ სტუმრებს გააცნო შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამის სპეციფიკა, სასწავლო მოდულები, ისაუბრა დღეს არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. სტუმრებს დაათვალიერებინეს ქსოვილური კულტურების და იმუნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები. დაისახა ორ უნივერსიტეტს შორის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები ბიომეცნიერებების დარგში,  გამოითქვა წინადადებები ბიომეცნიერებების სწავლების ერთობლივი პროექტების შემუშავებაზე, სწავლის პროცესში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ურთიერთგაცვლაზე.


პრეზენტაცია – ახალი საბაკალავრო პროგრამა – "გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია" – პროგრამის სტრუქტურა

პრეზენტაცია – ახალი საბაკალავრო პროგრამა – "გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია" – პროგრამის შინაარსი