ახალი საბაკალავრო პროგრამა |
![]() |
სამუშაო შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
3–4 თებერვალი, 2010
2010 წლის 3–4 თებერვალს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ TEMPUS–ის პროექტის კოორდინატორი ნინო ინასარიძე, პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრები ნ.დვალიშვილი და ნ.არჩვაძე. ვიზიტის მიზანი იყო ახალშემუშავებული საბაკალავრო პროგრამის „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია“ პრეზენტაცია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, შეხვედრა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ ხელმძღვანელებთან და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებთან მოსამზადებელი სამუშაოების ინიციაციის მიზნით ახალი, ასევე TEMPUS–ის პროექტის ფარგლებში შესამუშავებელი გამოყენებითი ბიომეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის განსახორციელებლად, რომელშიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი კონსორციუმის მონაწილე პარტნიორ უნივერსიტეტად წარმოგვიდგება.
3 თებერვალს შედგა თსუ–ში ახალდანერგილი საბაკალავრო პროგრამის წარდგენა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ–მასწავლებლებისათვის. თსუ–ს წარმომადგენლებმა ქუთაისელ კოლეგებს გააცნეს პროგრამის სტრუქტურა და შინაარსი, დასაქმებაზე ორიენტირებული კურიკულუმი, ვრცლად ისაუბრეს პროგრამის ინოვაციურ მხარეებზე, რაც ინდუსტრიასთან კავშირს და კურსდამთავრებულთა შემდგომ დასაქმებას უზრუნველყოფს. პრეზენტაციამ აქტიურ სამუშაო ვითარებაში ჩაიარა, გაიმართა დისკუსია პროგრამის ცალკეული საკითხების ირგვლივ. დამსწრეთ წარმოდგენილი საბაკალავრო პროგრამის მიმართ გამოხატეს დიდი ინტერესი, ისაუბრეს ქსუ–ში ამჟამად მოქმედ საბაკალავრო სასწავლო პროგრამაში შესაძლო ცვლილებების შეტანის მიზანშეწონილობის საკითხზე.
4 თებერვალს TEMPUS–ის პროექტის ჯგუფის წევრები მიიღო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. გიორგი ონიანმა. პროექტის კოორდინატორმა ნ.ინასარიძემ ისაუბრა TEMPUS–ის პროექტის ფარგლებში შემუშავებული ახალი საბაკალავრო პროგრამის სიახლეებსა და დადებით მხარეებზე და ევროკავშირის TEMPUS–ის ახალ საერთაშორისო პროექტზე, ზემოაღნიშნული სასწავლო კურსის გაგრძელებაზე, რაც ითვალისწინებს ახალი სამაგისტრო პროგრამის შემუშავებას გამოყენებითი ბიომეცნიერებების დარგში. ახალ პროექტში სხვა ევროპულ უნივერსიტეტებთან ერთად კონსორციუმის მონაწილის სტატუსით ჩაერთვება ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. რექტორმა გ.ონიანმა დადებითად შეაფასა აღნიშნული ფაქტი, მზაობა გამოთქვა მჭიდრო თანამშრომლობისათვის და TEMPUS–ის პროექტის ფარგლებში მომუშავე ჯგუფის წევრებს დაჰპირდა ხელშეწყობას პროექტის წარმატებით განხორციელების საქმეში.
თსუ–ს წარმომადგენლები შეხვდნენ ქსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს დ.გეგეჭკორს, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსს, ასოც. პროფ. ი.ჯულაყიძეს, ბიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ასოც.პროფესორს შ.ჯინჯოლიას. ტექნიკური კოორდინატორს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან ნატო გუბელაძეს, ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმა სტუმრებს დაათვალიერებინეს სასწავლო–სამეცნიერო ლაბორატორიები. ტემპუსის სამუშაო ჯგუფის წევრები დაინტერესდნენ ფაკულტეტზე წარმოებული სამეცნიერო– კვლევითი მიმართულებებით, სამუშაოთა სპეციფიკით, არსებული ლაბორატორიული აღჭურვილობით მომავალი სამაგისტრო პროგრამისათვის სათანადო ტექნიკური ბაზის მოსამზადებლად მათი გათვალისწინების მიზნით.
ნ.ინასარიძემ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები მიიწვია 4 და 5 მარტს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილ TEMPUS–ის ახალი პროექტის საერთაშორისო კონსორციუმის წევრი უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენელთა პირველ სამუშაო შეხვედრაზე.
|
![]() |
|
![]() |
|
![]() |








geo





