ახალი საბაკალავრო პროგრამა
"გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია"

 

მარკეტინგი

 

ახალი საბაკალავრო პროგრამის მარკეტინგული სტრატეგია გამიზნულია, ერთი მხრივ, აპლიკანტებზე და, მეორე მხრივ, ორიენტირებულია ამ სპეციალობით კურსდამთავრებულთა დასაქმების ბაზარზე, რაც ინდუსტრიასთან კავშირის სფეროს განეკუთვნება.  პირველ კონტექსტში მარკეტინგი გულისხმობს ფართომასშტაბიან სარეკლამო კამპანიას, რომლის მიზანია ახალი პროგრამის გაცნობა საზოგადოებისთვის, გამოყენებითი ბიომეცნიერებების მიმართ ინტერესის გაღვივება ახალგაზრდებში, ბიოტექნოლოგიის პრაქტიკაში გამოყენების პერსპექტივების ახსნა მათთვის და სტუდენტთა მოზიდვა ახალ სპეციალობაზე; ეს სამუშაოები მოიცავს  აგრეთვე პროგრამის მომზადების პროცესში შეძენილი გამოცდილების დისემინაციასაც თსუ-ს სხვა ფაკულტეტებზე და/ან სხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებათა მომიჯნავე სპეციალობებზე, რაც, საბოლოო ჯამში, ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის პოპულარიზაციის საქმეს ემსახურება. 

ამ მიზნით, ახალ სპეციალობაზე მიღების გამოცხადებას წინ უსწრებდა ხანგრძლივი და შრომატევადი მოსამზადებელი სამუშაოები. თავიდანვე განისაზღვრა სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა თსუ-ს სხვა  ფაკულტეტების და საქართველოს სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რეგულარულ კონტაქტს რესპუბლიკის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებთან და აბიტურიენტებთან, “ღია კარის დღეების” და მრგვალი მაგიდის შეხვედრების მოწყობას, გასვლითი სემინარების ჩატარებას რეგიონების საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ამჟამად მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი მარკეტინგული და სარეკლამო კამპანია, რომელიც მიმართულია მომავალ სტუდენტებზე, დამსაქმებლებზე და პოტენციურ პარტნიორებზე. იმართება სამუშაო შეხვედრები თსუ მედიცინის ფაკულტეტთან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან, საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტთან,   ბათუმის, ქუთაისისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან.  პროექტის ფარგლებში მომზადდა  ვებ-გვერდი, რომელიც არა მარტო საინფორმაციო ხასიათს ატარებს, არამედ აღჭურვილია  სხვადასხვა სახის ინტერაქტიული აპლიკაციებით,  დაიბეჭდა  საინფორმაციო ბუკლეტები (1, 2) და პოსტერი, მომზადდა სარეკლამო ვიდეორგოლი.

 

შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ნორჩ ბიოლოგთა სკოლა

შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში