ახალი საბაკალავრო პროგრამა
"გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია"

 

შეფასების სისტემა


მოდულის შეფასების დებულებები

(შემუშავებულია ტემპუსის პროექტის (27218 - 2006GEO) ფარგლებში)

წინასიტყვაობა

ტემპუსის პროგრამის ერთობლივი ევროპული პროექტის (JEP) “ახალი კურიკულუმი გამოყენებითი ბიოლოგიური მეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების დარგში” ფარგლებში შემუშავდა სრულიად ახალი მოდულურ სისტემაზე დაფუძნებული საბაკალავრო პროგრამა. პროგრამის წარმატებით მიმდინარეობისა და მისი ხარისხის უზრუნველყოფის აუცილებელ პირობას წარმოადგენსპროგრამის ეფექტური მართვის სქემა, რომლის უმნიშვნელოვანეს ნაწილს სწორედ შეფასების სისტემა წარმოადგენს.

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს პროექტის ფარგლებში შემუშავებულ მოდულების შეფასების სისტემის საბაზისო დებულებების ნაკრებს, რომელიც გამოყენებულ იქნება როგორც სახელმძღვანელო მითითებანი აკადემიური პერსონალისათვის.

დოკუმენტი მომზადდა თბილისის სახ. უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებიმეტყველო ფაკულტეტის ტემპუსის პროექტის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის მიერ. იგი ესადაგება თბილისის სახ. უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროცესის რეგულაციის წესებს. (დადგენ. #92, #208)

წინამდებარე დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. ამავე დროს ტემპუსის პროექტის სამუშაო ჯგუფი იმედს გამოთქვამს, რომ შეფასების შემოთავაზებული სისტემა მოწონებული და გაიზარებული იქნება ჩვენი კოლეგების მიერ.

1. განმარტებები

1.1. მოდული წარმოადგენს სასწავლო პროგრამების შემადგენელ აკადემიურ ბლოკს (სტრუქტურულ ერთეულს) ერთიანი საუნივერსიტეტო მოდულარი სქემის ჩარჩოში.

1.2 მოდული თავისი შინაარსით წარმოადგენს სასწავლო კურსის ერთეულს ან კურსის ერთეულების ნაკრებს.

1.3 მოდული განისაზღვრება კრედიტების უნიფიცირებული ან მისი ჯერადი (მაგ., 5, 10, 15, 20 და ა.შ.) რაოდენობით და ფასდება როგორც დამოუკიდებელი ერთეული.

1.4. თითოეული მოდულის სწავლება ხდება წინდაწინ შემუშავებული სასწავლო პროგრამის მიხედვით გარკვეულ აკადემიურ დონეზე ისე, რომ დაცული იყოს სტუდენტთა კომპეტენციების თანდათანობითი პროგრესული განვითარების პრინციპი.

1.5 აკადემიური დონე ჩვეულებრივ ეფუძნება სწავლის სირთულესა და სიღრმეს. ის ასოცირდება სასწავლო წელთან (4 წლიანი პროგრამის 1/2/3/4 დონე) და/ან კურსის შინაარსთან (საბაზო/საშუალო./მაღალი);

1.6 თითოეული მოდულისათვის განსაზღვრულია შეფასების მოთხოვნები, რაც აისახება მოდულის სპეციფიკაციაში. წარმატებული შეფასების მიღების შემთხვევაში სტუდენტს ენიჭება შესაბამისი კრედიტები.

2. მოდულის ტიპები ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩვენ განვიხილავთ შემდეგი ძირითადი ტიპის მოდულებს:

სტანდარტული მოდული (სავალდებულო, სავალდებულო არჩევითი, არჩევითი)

  • პროფესიული პრაქტიკა (დროებითი დასაქმება)
  • საბაკალავრო პროექტი
  • ამაგისტრო დისერტაცია

სტანდარტული მოდული ჩვეულებრივ გულისხმობს აუდიტორიაში ან ლაბორატორიაში მიმდინარე აკადემიურ ბლოკს.

პროფესიული პრაქტიკის (დროებითი დასაქმების) მოდულს სტუდენტი გაივლის უნივერსიტეტის გარეთ: საწარმოში ან შესაბამისი პროფილის სამეცნიერო-კვლევით ცენტრებსა და/ან სხვა სახის დაწესებულებებში;

საბაკალავრო პროექტის მოდული ითვალისწინებს პროექტის შესრულებას ინდივიდუალურად ან ჯგუფური სამუშაოს ფარგლებში.

სამაგისტრო დისერტაცია წარმოდგენს პროექტის მოდულის განსაზღვრულ ფორმას, რომლის შესრულება ხდება მხოლოდ მაგისტრატურაში.

3. მოდულის შეფასება

3.1 თითოეული მოდული ფასდება დამოუკიდებლად როგორც ცალკეული ერთეული.

3.2 მოდულის შეფასება შესაძლებელია ორი დამოუკიდებელი მცდელობით. თითოეული მცდელობა, თავის მხრივ, ორი შესაძლებლობისგან შედგება. (იხ. პუნქტი 4);

3.3 ყველა მოდული შედგება შეფასების ერთი (A ან B) ან ორი კომპონენტისაგან (A და B). თითოეულ კომპონენტს აქვს თავისი შესაბამისი წილი (პროცენტებით გამოსახული) მოდულის საერთო შეფასებაში.

3.4 კომპონენეტი A ფასდება კონტროლირებად გარემოში (საბოლოო-შემაჯამაბელი გამოცდის შედეგების საფუძველზე);

3.5. კომპონენტი B შეიძლება შეფასდეს როგორც კონტროლირებად (ერთი შუალედური გამოცდის შედეგის საფუძველზე), ისე არაკონტროლირებად გარემოში (ლაბორატორიული სამუშაოს ანგარიშის, პრეზენტაციის, წერილობითი ანგარიშის და ა.შ.) მიხედვით. მოდულის ხელმძღვანელი თავისუფალია B კომპონენტის შეფასების არჩევანში;

3.6 თითოეული მოდული ფასდება 100-ქულიანი (100%) სისტემით. მოდული ითვლება ჩაბარებულად, თუ სტუდენტი დააგროვებს, სულ მცირე, 51 ქულას.

3.7 თითოეულ მცდელობაზე სტუდენტს ეძლევა ორი შესაძლებლობა. მცდელობებისა და შესაძლებლობების თარიღები წინდაწინ განისაზღვრება პროგრამის მართვის კომიტეტის მიერ.

3.8 სტუდენტი თვითონ ირჩევს მისთვის სასურველ თარიღს თითოული მცდელობის 2 შესაძლებლობიდან.

3.9 სტანდარტული მოდულის შეფასებაში A და B კომპონენტების წილს განსაზღვრავს მოდულის ხელმძღვანელი შემდეგი წესით: თითოეული კომპონენტისათვის მინიმუმ 40 და მაქსიმუმ – 60%; ამავდროულად, საბოლოო-შემაჯამებელ გამოცდაზე დაშვების წინაპირობაა, რომ სტუდენტმა B კომპონენტში დააგროვოს კომპონენტისთვის განსაზღვრული მისანიჭებელი ქულების ნახევარზე მეტი (51%-ზე); ხოლო კომპონენტი A ჩაბარებულად ჩაითვლება თუ სტუდენტი დააგროვებს ხელმძღანელის მიერ კომპონენტი A-სათვის განსაზღვრული პროცენტის ნახევარს - 50%-ს. მაგალითად, თუ A არის 60%, B – 40%, ასეთ შემთხვევაში სტუდენტი დაიშვება გამოცდაზე (A კომპონენტით შესაფასებლად), თუ B კომპონენტში დააგროვა არანაკლებ 21 ქულისა. A კომპონენტი ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ სტუდენტი დააგროვებს არანაკლებ 30 ქულას; ამდენად მოდული საბოლოოდ ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ A და B კომპონენტების ჯამში სტუდენტი დააგროვებს არანაკლებ 51 ქულას.

3.10 სტუდენტი, რომელიც ვერ ჩააბარებს ერთ-ერთ ან ორივე კომპონენტს პირველ შესაძლებლობაზე, ხელახლა გაივლის შეფასებას იმავე მცდელობის მეორე შესაძლებლობის ფარგლებში. (იხ. პუნქტი 4);

3.11 პროფესიული პრაქტიკის მოდულის შემთხვევაში შეფასება ხდება ერთი B კომპონენტით (51%), რომელიც ამ შემთხვევაში მოიცავს: ტუტორის რეპორტს, პრაქტიკის კურატორის რეპორტს1 და სტუდენტის პორტფოლიოს2)

3.12 პროექტის მოდული ფასდება მხოლოდ A კომპონენტით. დასაშვებია მოხდეს ჯგუფური შეფასებაც, თუკი ამას ითვალისწინებს მოდულის სპეციფიკაცია.

4. მოდულის შეფასების განმეორებითი შესაძლებლობები და მცდელობა

4.1 თითოუელი მოდულის ჩაბარება შესაძლებელია 2 დამოუკიდებელი მცდელობით. თითოეული მცდელობა შედგება 2 შესაძლებლობისაგან. განმეორებითი შესაძლებობა და მცდელობა დასაშვებია იმავე აკადემიური სემესტრის განმავლობაში. განმეორებითი მცდელობა არის მოდულის ხელახლა ჩაბარების ალტერნატივა ასეთივე ორი შესაძლებლობით.

4.2 პირველი მცდელობის ორი წარუმატებელი შესაძლებლობის შემთხვევაში, სტუდენტს აქვს უფლება გავიდეს მეორე მცდელობაზე შემდეგი წესით:

  • სტანდარტული მოდულის განმეორებითი ჩაბარების უფლება, მოდულის განმეორებითი მოსმენის გარეშე, აქვს:

4.2.1 სემესტრულ საბოლოო გამოცდაზე წარუმატებელ სტუდენტს, თუ A და B კომპონენტში დაგროვებული აქვს 41 ქულაზე მეტი.

  • სტანდარტულ მოდულის განმეორებითი ჩაბარების უფლება, მოდულის განმეორებითი მოსმენის შემდეგ, აქვს:

4.2.2 თუ მიღებულ ქულათა ჯამი 40 ქულაზე ნაკლებია, სტუდენტი ვალდებულია განმეორებით მოისმინოს მოდული.

4.3. მეორე შესაძლებელობის შემთხვევაში თითოეული მცდელობის ფარგლებში, მოდულის სპეციფიკაციაში უნდა იყოს მითითებული – B კომპონენტის რომელი ელემენტის აღდგენა და როგორი სახით უნდა მოხდეს საჭიროების შემთხვევაში.

4.4 B კომპონენტის ქულები ერთი მცდელობიდან გადადის მეორე მცდელობაში.

4.5 განმეორებითი შეფასების და შესაძლებლობების პირობები წინდაწინ უნდა იყოს განსაზღვრული და მითითებული მოდულის სპეციფიკაციაში.

4.6. მოდულის ჩაბარების შემთხვევაში, დაუშვებელია დამატებითი შესაძლებლობის გამოყენება შეფასების ამაღლების მიზნით.

4.7. ორი წარუმატებელი მცდელობის შემთხვევაში გამონაკლის პიროებებში პროგრამის მართვის კომიტეტის გადაწყვეტილებით დასაშვებია მე-3 მცდელობა თავისი ორი შესაძლებლობით.

5. დაგვიანებით წარმოდგენილი ნამუშევრები. (პრეზენტაცია, ანგარიში, პროექტი, რეფერატი და აშ.)

5.1 დასაშვებია სტუდენტის მიერ ნამუშევრის წარდგენა 24 საათის დაგვიანებით, ყოველგვარი საჯარიმო სანქციის გარეშე. ამავე დროს სტუდენტი ვალდებულია დაგვიანების შესახებ აცნობოს მოდულის ხელმძღვანელს დანიშნულ ვადამდე სულ ცოტა ერთი დღით ადრე.

5.2 24 საათის გასვლის შემდეგ, მომდევნო 10 დღის განმალობაში

- არასაპატიო მიზეზით დაგვიანების შემთხვევაში, წარმოდგენილ ნამუშევარში სტუდენტს ავტომატურად აკლდება მიღებული ქულის ერთი მესამედი.

- საპატიო მიზეზით დაგვიანების შემთხვევაში, წარმოდგენილ ნამუშევარში სტუდენტს ქულა არ აკლდება. საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ სტუდენტმა წერილობით უნდა აცნობოს მოდულის ხელმძღვანელს ნამუშევრის წარმოდგენის 10 დღიანი ვადის ამოწურვამდე.

5.3 არასაპატიო მიზეზით დაგვიანების შემთხვევაში, 10-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ნაშრომის შეფასება არ ხდება. სტუდენტს უკან უბრუნდება ნამუშევარი.

5.4 ყველა სხვა გაუთვალისწინებელ შემთხვევას პროგრამის მართვის კომიტეტი განიხილავს და წყვეტს დაგვიანებით წარმოდგენილი ნამუშევრის შეფასების საკითხს.

6. პროფესიული პრაქტიკა/დასაქმების მოდული

6.1 პროფესიულ პრაქტიკაზე დაშვება ხდება დამსაქმებელთან/პარტნიორთან ურთიერთშეთანხმებით.

6.2 პროფესიული კომპეტენციების შეფასება ხდება დამსაქმებლის, კურატორის მიერ, რაც უნდა აისახოს რეპორტში.

6.3. პირველი მცდელობის ფარგლებში დასაშვებია მეორე შესაძლობლობის გამოყენება. მეორე მცდელობის პაკეტის აღება დაუშვებელია, პროგრამის მართვის კომიტეტის სპეციალური ნებართვის გარეშე.

6.4. პროფესიული პრაქტიკის მოდულის წარუმატებელი გავლის შემთხვევაში, სტუდენტს აქვს უფლება ჩაანაცვლოს იგი თავისუფალი კრედიტებით.